Review: Devil May Cry 4

Devil May Cry ყველას ახსოვს როგორც ერთ–ერთი ყველაზე ინტენსიური და სულისწამღები სლეშერი, სადაც შესანიშნავი მექანიკა და განუმეორებელი სტილი ჩამთრევ ატმოსფეროს ქმნიდნენ. მთავარი გმირი, დემონებზე მონადირე დანტე, კეთილი დემონის, სპარდას შვილი, აბსოლუტურად ყველაფრით ასახიერებს სიტყვა „მაგარ“–ს: შესანიშნავი იუმორი, დიდი ხმალი და 2 პისტოლეტი, მოკლედ, იდიოტიზმის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, რომ დადებით მხარედ იქცევა. ამის შედეგი ის იყო რომ თამაშმა უდიდესი პოპულარობა მოიტანა და მესამე ნაწილი PC–ზეც კი იქნა პორტირებული(პორტირებული, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია) და დაემატა სპეციალური რეჟიმები და სირთულეები.

Devil May Cry 4

ბევრი ახალის შემოტანას ცდილობს სერიაში, როგორებიცაა ახალი ძრავი, სრულყოფილი პორტირება პერსონალურ კომპიუტერებზე, გაუმჯობესებული გრაფიკა, ახალი მთავარი გმირი, ბოლო და ბოლოს.

სიუჟეტი
Devil May Cry 4–ის სიუჟეტი ადვილად მოგეჩვენებათ სისულელედ თუ წინა ნაწილებთან ნაცნობი არ ხართ. მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ:
Devil May Cry 3(პრიკველია, ყველაზე ადრე ხდება): დანტე ჯერ კიდევ ხალგაზრდაა და Devil hunting–ის მაღაზიას ხსნის, როდესაც ქალაქში უშველებელი კოშკი Temen-Ni Gru ჩნდება, დანტეს ძმის, ვერჯილის უშუალო ზეგავლენით. დანტე მიხვდება, რომ ძმას კარგი არაფერი აქვს ჩაფიქრებული და კოშკისკენ წავა საქმის გასარკვევათ. გზად მას ხვდება ვინმე Lady(შემდგომში გაირკვევა, რომ მას მერი ქვია, მაგრამ ბოლოსკენ განვითარებული მოვლენების გამო ის უარყოფს ამ სახელს) რომელსაც გეზი ასევე კოშკისკენ აქვს აღებული პირადი შურისძიებისთვის. თამაშის ბოლოს დანტე იბრუნებს მამამისის ხმალს რომლითაც ვერჯილი დემონების სამყაროში პორტალის გაღებას აპირებდა, და ბოლოსხსენებულს ჯოჯოხეთში ამწყვდევს. ბოლო სცენაში დანტეს ცრემლი უვარდება დაღუპული ძმის გამო.
Devil May Cry: დანტე წამოიზარდა და ოდნავ(საკვანძო სიტყვაა) დასერიოზულდა. მან მაღაზიას დაარქვა “Devil May Cry”, და მალევე მიიღო პირველი შეკვეთა: ვინმე ტრიში(ძალიან გავდა დანტეს დედას) უმტკიცებდა მას რომ იპოვა დემონების იმპერატორის, მუნდუსის თავშესაფარი და შეევედრა დანტეს გაყოლოდა იქ მას. შემდგომში ირკვევა, რომ ტრიში დემონია და თვით მუნდუსის გამოგზავნილი დანტეს მოსაკლავად, მაგრამ ბოლოსკენ ის თვითონ აკეთებს სწორ არჩევანს და ეხმარება დანტეს მუნდუსის დამარცხებაში. ციხესიმაგრეში დანტე ასევე 3–ჯერ უპირისპირდება ვინმე დემონ ნელო ანჯელოს, რომელიც ვერჯილი აღმოჩნდება. ჯოჯოხეთში ის მუნდუსმა იპოვა და თავის მონად აქცია, ამ ნაწილში კი დანტე მას საბოლოოდ კლავს. ამის შემდეგ დანტე და ტრიში ერთად დაიწყებენ მაღაზიაში მუშაობას, და სახელს გადარქმევენ: “Devil Never Cry”.
Devil May Cry 2, რომელიც აშკარად ჩავარდნა იყო, ბევრს არაფერს მატებს სიუჟეტს. აღსანიშნავია მარტო ის, რომ რიგი მოვლენების შემდეგ მაღაზიას ყოფილი სახელი დაუბრუნდა.
ახლა კი უკვე შეიძლება მეოთხე ნაწილზე საუბრის გაგრძელება.
მეოთხე ნაწილი სტარტს მეორეს შემდეგ რამოდენიმე წელიწადში იღებს. მოვლენები ვითარდება, უფრო სწორად იწყება, ქალაქ ფურტუნაში. თამაში იწყება იმით, რომ ახალი მთავარი გმირი, ნერო(დანტეს აბსოლუტური კლონი: თეთრი თმები, მძიმე იუმორი, გრძელი მოსასხამი და ა.შ.) ქალაქის ოპერაში ადგილობრივ მღვდლის, სანქტუსის ქადაგებას უსმენს, რომელიც ყვება როგორ გადაარჩინა სპარდამ კაცობრიობა 2000 წლის წინ(ფორტუნაში სპარდას ღმერთად აღიარებენ და თაყვანს სცემენ). ნერო „ხმლის ორდენის“ წმინდა რაინდია, ამიტომ მისი აქ დასწრება სავალდებულოა, თუმცა მოწყენილობისგან ის წასვლას მალევე დააპირებს. ამ დროს მოულოდნელობა ხდება: სპარდას შვილი, ლეგენდარული დანტე, არსაიდან ჩნდება და სანქტუსს წამში კლავს ტყვიით თავში. ამის შემდეგ ის ორდენის ყველა წევრს დახოცავს ნეროს, მისი მეგობარი კირიეს და მისი ძმის, კრედოს გარდა. ბოლოხსენებული 2–ნი გაქცევას მოასწრებენ, ნერო კი დანტეს მარტო დაუპირისპირდება. აქვე ირკვევა რომ ნეროც დემონური ძალის პატრონია: მისმა ვითომ მოტეხილმა ხელმა ტრანსფორმირება განიცადა და Devil Bringer–ად იქცა. ხელის საშუალებით ნერო დანტეს ასე თუ ისე საფასო წინააღმდეგობას გაუწევს მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდება, დანტე კი გაქცევას მოასწრებს. რატომ დახოცა სპარდას შვილმა მამამისის მაღმერთებელი ხალხი საიდუმლოდ რჩება. ნეროს დანტეს დასაჭერად აგზავნიან.
სიუჟეტი ერთი მთლიანი ინტრიგაა და დასაწყისიდან ბოლომდე მდე 180 გრადუსით ბრუნდება, ვინც ცუდი გეგონათ – კარგი აღმოჩნდება, ვინც კარგი – ცუდი, მაგრამ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. თამაშში ასევე ფიგურირებენ ტრიში და Lady, თუმცა მხოლოდ კატსცენებში. იმისდა მიუხედავათ რომ თამაშში ბევრი კითხვაა, მაგალითად რატომ ჰგავს ნერო ასე დანტეს და რატომ გააჩნია მას ვერჯილის დემონის ფორმა, პასუხები ყველაზე არ გვეღირსება. თუმცა, არის 1 ნიუანსი: ნეროს, თურმე, „სპარდას ძალა მემკვიდრეობით მიუღია“, რაც მრავალ კითხვას წევს და მაგდენივე პასუხს იძლევა. საქმე მეხუთე ნაწილზეა.
სიუჟეტის შეფასება: 8.5/10
ეს დანტესთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა.
გეიმფლეი

როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზეა. თავბრუდამხვევი ილეთები ხმლებით და იარაღებით ადგილზეა, ისევე როგორც განუმეორებელი სტილი და დრაივი. ნერო დანტეს არაფრით ჩამოჩება იარაღების ასორტიმენტში: მის ხმალს ქვია წითელი დედოფალი – და ხმლის ორდენის ტიპიური მახვილის ძლიერ მოდიფიცირებული ვერსიაა საწვავის ინექციის ფუნქციით, რაც უზრუნველყოფს ცეცხლოვანი(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დარტმების მიყენებას. დანტეს 2 პისტოლეტისგან განსხვავებით ნეროს მხოლოდ ერთი აქვს, „ლურჯი ვარდი“, საკუთარი ხელით გაკეთებული ორლულიანი რევოლვერი.

წინა ნაწილებისგან განსხვავებით თამაში ძალიან მეგობრულია და ყველა ილეთს დეტალურად გვიხნის, რაც შედარებით აადვილებს გეიმფლეის. ნეროს Devil Bringer–ის დახმარებით რთულად მისაწვდომ არეებში გადააადგილება გახდა შესაძლებელი, ხოლო მის ხმალს გააჩნია ე.წ. Ex-Gauge – სისტემა, რომლითაც შეიძლება მახვილის „დატენვა“, რომლის შემდგომი რამოდენიმე ატაკა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ლამის დამავიწყდა, დემონური ხელის საშუალებით სპეციალური ილეთების ჩატარებაა შესაძლებელი, რომელიც განსხვავდებიან მტრის ტიპის მიხედვით. კომბოები ნეროს ჩვეული აქვს და დანტესას მექანიკით ძალიან ჰგავს – ბანალური ჩეხვიდან დაწყებული ჰაერში აფრენის შემდეგ იქვე დაჩეხვამდე დამთავრებული.
სამწუხაროდ, ნერო ახალ იარაღებს ვერ იღებს და მხოლოდ ძველის აფგრეიდი შეუძლია, ჩხუბის სტილი კი მხოლო 1 აქვს.
aლბათ სერიის ფანები(ჩემსავით) განრისხებულები არიან დანტეს უკანა პლანზე გადაწევისგან. თუმცა, მისი კონტროლის ქვეშ აყვანა შეგვეძლება, თანაც მთელი 7 მისიით. მისი ატაკები თითქმის არ შეცვლილა, ცნობილი Stinger და Million Stabs ადგილზეა. სამაგიეროდ ავტორებმა სიურპრიზი გაგვიკეთეს – დანტეს ჩხუბის სტილებს შორის გადართვა ეგრევე თამაშის პროცესშია შესაძლებელი. 4 სტილს ბოლოს 1 ახალი, მესამე სერიიდან ცნობილი, ვერჯილის Dark Slayer ემატება. სამწუხაროდ, დანტეს იარაღების ასორტიმენტი მესამე ნაწილთან შედარებით პატარაა – მისი ხმალი Rebellion, მესამე ნაწილში ნანახი Beowulf–ის ანალოგიური ახლო ბრძოლის იარაღი Gilgamesh, და რაიმე Lucifer, რომელიც კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ვიტყვი მხოლოდ, რომ მას უთვალავი ამაფეთქებელი ისრების გაჩენა შეუძლია და გმირის მარცხენა მხარზე მაგრდება.

აფგრეიდების ყიდვა როგორც წინა ნაწილში დროის ქალღმერთის ძეგლებთან ხდება, მაგრამ ერთი განხსვავებით: „ორბებით“(კრისტალიზირებული დემონის სისხლი) უკვე მხოლოდ აიტემების ყიდვა შეიძლება, აფგრეიდებს ვყიდულობთ ე.წ. ამაყი სულებით, რომლების გარკვეული რაოდენობაც მისიის ბოლოს გვეძლევა და დამოკიდებულია ჩვენს სტილისკიკაზე. სტილისტიკა კი, თავის მხრივ, თითქმის უცვლელია: გააკეთო ისე, რომ ბრძოლის დროს ეკრანზე გამოჩნდეს წარწერა “Smokin’ Sick Style!!!” – Devil May Cry–ში ყოველთვის უტოლდებოდა სასწაულს.

რაც შეეხება დამატებით რეჟიმებს, გამოჩნდა ახალი რეჟიმი Legendary Dark Knight, რომელიც კონსოლებზე მათი სისუსტის გამო აღარ ჩანერგეს. მოცემულ mode-ში დემონების რაოდენობა 5–ჯერ, ხანდახან 10–ჯერაც იმატებს, და ეკრანზე ნატურალური იაპონიის მეტრო იწყება.

ბოსების მხრივ თამაშმა მტკიცე 9–ანზე გაქაჩა, გვყავს 3 ჯოჯოხეთის დემონი, დანტე(დიახაც, ბოსის სახითაც, თანაც ვებრძვით 2–ჯერ), 3 ხელოვნური დემონი და 1, უზარმაზარი ცოცხალი ძეგლი სახელად The Savior(„მხსნელი“. თამაშის წინასარელიზო ვერსიაში მას ვერცხლის გიგა ერქვა). ყველა ბოსს თავისი ტაქტიკა და მიდგომა უნდა, რაც გეიმფლეის საგრძნობლად ამრავალფეროვნებს.

გეიმფლეის შეფასება: 9.5/10

როლიკებში რეჟისურა იმდენად ძლიერია, რომ ჰოლივუდსაც კი შეშურდება.
გრაფიკა
ვიტყვი ერთს – ძალიან, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ფანტასტიკური მოდელები, სამაგალითო ოპტიმიზაცია(მართლაც სამაგალითო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ყველა ქათსცენა თამაშის ძრავზეა), განმაცვიფრებელი HDR ეფექტები, Motion Blur–ზე და Depth fo Field–ზე აღარაფერს ვამბობ. თამაშმა გარემოს მრავალფეროვნებაში საგრძნობლად მოიმატა, და ძრავი ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს – ქალაქები, ჯუნგლები, თოვლიანი მთები, მიწისქვეშა ლაბორატორიები და ა.შ. თანაც ეს ყველაფერი 60 FPS-ის მხარდაჭერით – სასწაულია უბრალოდ. ერთადერთი ჩავარდნა, როგორც ჩანს, მოხდა დინამიურ ჩრდილებში – აქ ისინი საშინლად გამოიყურებიან და ეს როგორც ჩანს კონსოლიდან პორტირების ბრალია. მაგრამ, როგორც ჩანს, CAPCOM–მა Resident Evil 4–ის და Devil May Cry 3: Dante’s Awakening–ის შემდეგ ეტალონური პორტების გამოშვება დაიწყო.

გრაფიკის შეფასება: 9.0/10
ნერო თავისი Devil Bringer–ით ნაირგვარ დემონებს სხვადასხვა სპეცილეთებს უკეთებს.ხმოვანი გაფორმება
ჩვეულ დონეზეა თუ იგივე Devil May Cry–ს წინა ნაწილებით ვიმსჯელებთ, მუსიკა დაახლოებით იგივე იდიოტური მძიმე როკია, რომელიც თამაშს რატომღაც უხდება. თავიდანაა ჩაწერილი ხმლების ჩხარუნის ხმები და მათ შორის დანტეს ილეთებისაც, რისთვისაც CAPCOM–ს პირადი მადლობა. ნუ სხვა ბევრი არაფერი, დემონების წივილ–კივილი სივდილისას და ბოსების ჩხავილი დამარცხებისას 10–იანზეა.

ცალკე საქმეა მსახიობები, აქ ისინი განუმეორებლად ასრულებენ დავალებას, დიალოგები მიმდინარეობს აბსოლუტური იმპროვიზაციის შთაბეჭდილებით, გაკვირვებული რეპლიკებიდან დაწყებული და ხუმრობებით დამთავრებული. და, რაღათქმაუნდა მთავარი „მოლაპარაკე“ მთელი თამაშის სერიების განმავლობაში, ნახევრად დემონი დანტე. ხუმრობები ცოტა არ იყოს მოძველდა, მაგრამ არაფერზე უკეთესია. სარკაზმი და „არაფერი არ მაინტერესებს ჩემი დიიიდი ხმლის გარდა“ დამოკიდებულობა იდეალურადაა გადმოცემული.
ხმოვანი გაფორმება: 8.5/10
დასკვნა
ყველას, ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვისაც კი ოდესმე სმენია სიტყვა „სლეშერი“, ვთხოვ, არა, ვუბრძანებ რომ გაეცნონ ამ თამაშს. განუმეორებელი დინამიკა, ატმოსფერო და რაღათქმაუნდა სტილი – თან ეს ყველაფერი, თუ გინდათ, ორჯერ სწრაფად გამოცადეთ(Turbo Mode is back – PC–ეკსკლუზიური რეჟიმი ბრძოლას საგრძნობლად აჩქარებს), ასეთი თამაშები დღესდღეობით იშვიათობაა.

რეზიუმე
სიუჟეტი: 8.5
გეიმფლეი: 9.5
გრაფიკა: 9.0

ხმოვანი გაფორმება: 8.5

საბოლოო შეფასება: 9.0

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი